ახალი ამბები
ზუგდიდში ახალგაზრდებს კონფლიქტებსა და მშვიდობის მშენებლობის პროცესზე ესაუბრნენ
ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში, ზუგდიდელ ახალგაზრდებსა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებს კონფლიქტებსა და მშვიდობის მშენებლობის პროცესზე ესაუბრნენ. შეხვედრა, რომელზეც სპიკერებმა დამსწრეებს აღნიშნული საკითხის გარშემო ინფორმაცია მიაწოდეს, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

„ყოველწლიურად ჩამოვდივართ ზუგდიდში და ახლა ვმსჯელობთ კონფლიქტებისა და მშვიდობის თემაზე. ეს არის მორიგი შეხვედრა მშვიდობის სწავლების მნიშვნელობაზე, რადგან აუცილებელია გააქტიურდეს ეს მიმართულება. მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ ახალგაზრდეებს, რათა მათი მოსაზრებები ტრანსფორმირდეს რეკომენდაციებში და გათვალისწინებული იყოს“, - აღნიშნა „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა ელიკო ბენდელიანმა.

ღონისძიებას „სამოქალაქო აქტივიზმისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელიაც დაესწრო. ის მიიჩნევს, რომ მშვიდობის მშენებლობის შესახებ თეორიული ცოდნის მიღება აუცილებელია.

„დიდი დრო დავკარგეთ და საჭიროა, ჩვენ ჩავერთოთ ამ საკითხში, რადგან ხელი გაშვერილი ვერ გვექნება სხვა ქვეყნებისკენ. უნდა დავიწყოთ ტრანსფორმაციაზე მუშაობა, გვქონდეს თეორიული ცოდნა, იყოს სპეციალური დისციპლინები და აკადემიურ დონეზე შეისწავლონ ეს საკითხი“, - დასძინა შენგელიამ.

შეხვედრა ზუგდიდში პროექტ „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიული ორგანიზაცია „ჰექსეფერის“ მიერაა მხარდაჭერილი.



Print