ახალი ამბები
ზუგდიდში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყეს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიება ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, მცირე გრანტის პროექტის "ჯანსაღი საკვები პროდუქტი - ხანგრძლივი სიცოცხლეა - გენმოდიფიცირებული ხანმოკლე" ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია, გენმოდიფიცირებული საკვების მავნებლობაზე და ორგანული საკვების უპირატესობაზე მოსახლეობის ინფორმირება იყო.

გამოფენა - გაყიდვაზე ნატურალური გზით მოყვანილი, ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო - სამეურნეო პროდუქტი იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდებმა საინფორმაციო ბუკლეტებიც დაარიგეს. მათი თქმით, გამოფენილი პროდუქციის გაყიდვიდან შემოსულ თანხას საქველმოქმედო მიზნებით გამოიყენებენ.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ითანამშრომლეს და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სკოლაში საინფორმაციო კედლის გაზეთი გამოაქვეყნეს, ხოლო თემში თემატური ბროშურები გაავრცელეს. ამავე პროექტის ფარგლებში სკოლაში სემინარი, ფილმის ჩვენება-განხილვა და ნახატების გამოფენა-კონკურსი მოეწყო.

აღნიშნული აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობას" ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".


Print