ახალი ამბები
ზუგდიდში ნატოს დღეების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა (ვიდეო)
ზუგდიდში, ნატოს დღეების ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია და საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდნენ.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე“, - აღნიშნა ნარდაიამ.

ანა ცანავას თქმით, მსგავსი შეხვედრები სხვა საკითხებთან ერთად იმ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის საპირისპიროდ აუცილებელია სწორი ინფორმაციის გავრცელება ნატოსთან თანამშრომლობით.

შეხვედრას სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანიაც ესწრებოდა. მისი განცხადებით, დამსწრეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ მოსახლეობის გადაწყვეტილებაა ჩვენი ნატოში ინტეგრაცია.

„კარგია საკმაოდ აქტიური ჩართულობა დამსწრე პირების მხრიდანაც, რადგან მოსახლეობის 71 %-ის გადაწყვეტილებაა, რომ ნატოში ინტეგრაცია მოხდეს. ნატო კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია მათ შორის გლობალური უსაფრთხოებისთვის. როგორც იენს სტოლტენბერგი ამბობს, „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“.

საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ. ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.








Print