რეგიონი
ზუგდიდში ნაპოვნი მინერალური ქვა შესაძლოა სამუზეუმო ექსპონატი გახდეს
ზუგდიდის სოფელ რუხში კარიერზე მინერალური ქვა იპოვეს. ის დაახლოებით 10-15 კილოგრამს იწონის. საამქროს თანამშრომელმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მათი ყურადღება ქვის ფორმამ და უნიკალურობამ მიიქცია.

„ერთი კვირის წინ ვიპოვეთ მიწის სიღრმიდან ამოღებულ მასაში. ძალიან განსხვავებული ფორმა აქვს და ამიტომ მიიქცია ჩვენი ყურადღება“, - თქვა საამქროს თანამშრომელმა დავით ვახანიამ.

ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქია არ გამორიცხავს, რომ მინერალური ქვა სამუზეუმო ექსპონატი გახდეს. ამისთვის კი ის გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ.

„ბუნებრივი წარმოშობის მინერალური ქვაა. რაც შეეხება მის ასაკს, ეს გეოლოგების თემაა, თუმცა  ფორმა  საკმაოდ ჩამოყალიბებულია და როგორც  ჩანს მრავალ ათასწლეულს მოიცავს. საჭიროა მისი შესწავლა. არ არის გამორიცხული, რომ ის სამუზეუმო ექსპონატი გახდეს“, - აღნიშნა ჯიქიამ.

მერიაში ამბობენ, რომ აღმოჩენის შესახებ და შემდგომი გამოკვლევის მიზნით გეოლოგებს დაუკავშირდებიან. 

ფოტო: დათა ვახანია
Print