ახალი ამბები
ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ფახულანის სკოლაში კაკლის ბაღი გაშენდება (ვიდეო)
ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ ფახულანის #2 საჯარო სკოლაში ამერიკელი ხალხის დახმარებით ჩანდლერის ჯიშის კაკლის 250 ნერგი დაირგვება. სკოლამ ნერგები ორგანიზაცია "Spirit of America“-სგან მიიღო. რამდენიმე ნერგი სიმბოლურად დღეს დაირგო, ბაღი კი თვის ბოლოს გაშენდება. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს ფახულანის და აფხაზეთის ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემას ამ კულტურის გაშენებისა და მისი მოვლა-მოყვანის შესახებ. სკოლის დირექტორის, ვახტანგ გოგოხიას თქმით,  ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ ერთი წლის წინ დაუკავშირდნენ და დახმარება შესთავაზეს. გოგოხია ამბობს, რომ სკოლის ტერიტორიაზე ჩანდლერის ჯიშის ნერგების დარგვა ორგანიზაციამ თავად შესთავაზა.

„ერთი წლის წინ დამიკავშირდნენ ამერიკის საელჩოდან.  ვფიქრობ იმისთვის, რომ გამოყოფ ზოლთან არსებული სკოლაა. ამ სკოლაში ბავშვები აფხაზეთიდანაც სწავლობენ. ალბათ ამან გამოიწვია დაინტერესება. მოვიდნენ შემხვდნენ და მერე მითხრეს, რომ დახმარება სურდათ. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ, მაგრამ ბოლოს შევჯერდით ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების დარგვაზე. ეს იქნება სკოლისთვის დამატებითი შემოსავალი და მოსწავლეებიც მიიღებენ ცოდნასა ამ კულტურაზე“, - აღნიშნა მან.  

ორგანიზაცია "Spirit of America"-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯიმ ჰეიკის თქმით, მათი აქ ყოფნის მთავარი მიზანია, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს ვინც თემის ცოხვრების გაუმჯობესებას ცდილობს.

„ჩვენს ორგანიზაციას მხარს უჭერენ ჩვეულებრივი ამერიკელები, რომლებსაც სურთ, მადლიერება გამოხატონ ქართველების მიმართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი ამერიკელებს უწევენ  ერაყსა  და ავღანეთში. დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვეხმარებით ამ სკოლას, ვეხმარებით, მოსწავლეებს, გარკვეული ცოდნისა და სასოფლო - სამურნეო უნარების შეძენაში და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის განვითარებაში. ჩვენი აქ ჰყოფნის მთავარი მიზეზი არის ის რომ ქართველმა ხალხმა და  მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ მეგობრები და გვინდა რომ, მათ ჰქონდეთ თავისუფალი და უკეთესი ცხოვრება. განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ვახტანგ გოგოხიას ღვაწლი. ის აქ, ფახულანში ძალიან ბევრს შრომობს ადგილობრივი თემის მხარდასაჭერად. ეს არის ის, რასაც ამერიკელები განსაკუთრებულ პატივს სცემენ“, - ამბობს ჯიმ ჰეიკი.

კაკლის ბაღის გაშენება დაფინანსებულია ამერიკელი ხალხის შემოწირულობებით ქართველი ბავშვების დასახმარებლად ორგანიზაცია "Spirit of America"-ის მიერ.













Print