რეგიონი
მარტვილში მეუფე გრიგოლის მხარდასაჭერად მიტროპოლიტი სტეფანე და ეპისკოპოსი დამიანე ჩავიდნენ
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საკვირაო წირვა მეუფე გრიგოლთან ერთად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ აღავლინეს. ქადაგებისას მათ ეპარქიაში მეუფე პეტრეს ღვაწლზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მის ნაშრომს ახლა მოვლა სჭირდება. მიტროპოლიტმა სტეფანემ აღნიშნა, მას ძალიან უყვარს მეუფე პეტრე, მაგრამ მისთვის პატრიარქის გინება მიუღებელია.

„მოსაგონია ყველაფერი, რაც გვაკავშირებდა ჩვენ უწმინდესთან - მე და მეუფე პეტრეს. ვერაფრით ვერ გავერკვიე ამ საკითხში, რატომ მოხდა მასში ასეთი ცვლილება. მე ვერ დავტოვებ უწმინდესს ვერასდროს. ვინმემ რომ თქვას, რომ მამაშენი ასეთიაო, მე ვეტყვი -წადი მომშორდი. ნებისმიერ თქვენთაგანს მამაზე რომ გითხრან, რომ შენი მამა ასეთიაო, მოუსმენთ იმას?! ეს ისეთი რაღაცაა, ვერ წარმომიდგენია. თავში როგორ უნდა შეუშვა მამაზე ასეთი რაღაცა. მე მიკვირს მეუფე პეტრესგან. მე მიყვარს მეუფე პეტრე. ბევრი რამე გვაკავშირებს, მაგრამ უწმინდესის გინება ჩემთვის მიუღებელია“, - აღნიშნა მან.
სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ თქვა, რომ საქმე იყო არა მეუფე პეტრეს მღვდელმსახურების შეჩერებაზე, არამედ განკვეთაზე და პატრიარქმა ეს არ გააკეთა. მეუფის განმარტებით, ის რაც მოხდა არავის არ უნდოდა, თუმცა მეუფე პეტრე არ გაჩერდა.

„ამ ეპარქიაში პირველად არ ვარ, ვიყავი ადრეც. ბევრი მქონდა ნანახი და დღესაც ვნახე, თუ რამდენი შრომაა გაწეული, რა ღვაწლია და რა სათუთად ეპყრობა ხალხი ამ ნაშრომს. ჩვენ არ ვიცით მეუფე პეტრეს რა დაემართა, აღსარებას აბარებს და ეტყვის, აუხსნის რაშია საქმე და ყველაფერი გაირკვევა. დღევანდელ დღეს ლოცვა გვჭირდება. ვილოცოთ მეუფე პეტრეზეც, გრიგოლზეც, რომელსაც დახმარება უნდა. აქ რაც მეუფე პეტრემ იშრომა, ის კი არა უნდა გავაბნიოთ, პირიქით - შევინარჩუნოთ, ეს არც თქვენია, არც ჩვენია, არც მეუფე გრიგოლის, ეს ღვთისაა, ჩვენ ვიქნებით თუ არა, აქ ანგელოზები ილოცებენ და იგალობებენ ტაძარში. ასე რომ, ნუ ვცდებით... ერთგულება კარგია, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. სულიერებას არ უნდა გადავცდეთ ერთგულებაში",- თქვა ეპისკოპოსმა დამიანემ.


Print