რეგიონი
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის სასამართლოში, მოსამართლე ფატი ფურცხავნიძემ გამოაცხადა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის ბრალი კიდევ შვიდ პირს წარედგინათ. ისინი კერძო კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები არიან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შემდეგი იდენობით შეეფარდათ: რაინდი შეროზია- 8000 ლარი, თეიმურაზ ლატარაი - 25 000 ლარი, გიორგი ჟვანია - 45 000 ლარი, ჯაბა არდია - 15 000 ლარი, ზურაბ ჯამბურია - 45 000 ლარი, გურამ მონიავა - 45 000 ლარი, გივი ბადაშვილი -15 000 ლარი.

საოლქო პროკურორი მირანდა წერეთელი პატიმრობის შეფარდებას ხუთი პირის მიმართ ითხოვდა, ხოლო დანარჩენი ექვსისთვის გაცილებით მეტი თანხის შეფარდებას, ვიდრე მოსამართლემ გადაწყვიტა. პროკურორი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჩაბარდებათ განჩინება, მიიღებენ გადაწყვეტილებას გაასაჩივრონ თუ არა ის.

ბრალდებულების ნაწილი თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალს არ აღიარებენ საკრებულოს თავმჯდომარე და კიდევ რამდენიმე პირი.

ირაკლი კაკულიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ჯგუფის ინტერესებში შედის. მან კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს წინსაარჩევნო პროცესებს უკავშირდება.

8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

ამავე თემაზე:


ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად სხვა დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალს დღეს წაუყენებენ

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

Print