რეგიონი
ჭაქვინჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება
ზუგდიდის მერიამ ჭაქვინჯი - ჯიხაშკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული გზის მონაკვეთი 2 650 მეტრია და აქ ბეტონის საფარი უნდა დაიგოს. ამასთან, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა.

„მშენებლობა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება და დაახლოებით, 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს არის ისტორიული გზა, ორი სოფლის გარდა აკავშირებს წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებს“,- უთხრა რადიო „ათინათს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ჭაქვინჯში ბესიკ ერემაძემ.

ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი 9 ნოემბერს გამოცხადდა და ხვალ დასრულდება. გზის პროექტირებისთვის 21 000 ლარია გამოყოფილი.

Print