რეგიონი
ზუგდიდში ზურაბ ცხონდიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა (ფოტო, ვიდეო)
პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მწერლის ზურაბ ცხონდიას წიგნის "გრანელის სევდა და სხვა" პრეზენტაცია ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გაიმართა. წიგნი მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა და მასში ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი მასალები შევიდა.

მწერლის ზვიად კვარაცხელიას თქმით, ნაწარმოებში დიდი ყურადღება ეთმობა ზუგდიდურ ქრონიკებს და ქალაქის სტუმრებს.

"გამომცემლობა "ინტელექტმა" ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოსცა ეს წიგნი, სადაც თავი მოიყარა სხვადასხვა ნაშრომებმა. გარდა ძირითადი ნაწარმოებისა, ეს არის ზუგდიდური ქრონიკები, რომლებიც ეხება ქალაქის სტუმრებს, არაერთ პერსონაჟს. ასევე არის მისი განუხორციელებელი ოცნება, რაც ბოლოს ფრაგმენტებად დავურთეთ და გავაერთიანეთ ერთი სათაურის ქვეშ - "თეატრი ჩვენი მღელვარებისა". ზურაბ ცხონდიას აღელვებდა ყველა ის საკითხი რაც ჩვენს საზოგადოებას და ლიტერატურას ეხებოდა. ცდილობდა, რომ თავისი წვლილი შეეტანა როგორც საჯარო გამოსვლებით, ასევე წერილობითაც", - ამბობს ზურაბ კვარაცხელია.

საღამოს სტუმრებმა ზურაბ ცხონდიას მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. მწერლის შვილის თამუნა ცხონდიას თქმით, მისთვის ეს დღე ემოციური და სევდიანია.

"ძალიან ემოციური დღეა. სევდით და ტკივილით სავსე. ამავდროულად მე ვარ ძალიან ბედნიერი. დარბაზი სავსეა და ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. მთავარ მადლობას, გავკადნიერდები და ვეტყვი მამას, რომელიც იყო ისეთი, როგორიც იყო. მე ჩემი მოვალეობა გარკვეულ წილად შევასრულე და ჩემი თავითაც კმაყოფილი ვარ", - აღნიშნა მან.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.
Print