ახალი ამბები
მესტიასა და მარტვილში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
მესტიისა და მარტვილის სოფლებში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო „ათიანთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. ამავე ცნობით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი სტიქიის ზონაში დილიდან გავიდა.

"სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. სოფელ სალხინოშიც იგივე მდგომარეობა გვაქვს, ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს", - აცხადებენ საგანგებოში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე კი სრული ლოკალიზაცია მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას და ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

Print