რეგიონი
ხობში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა (ვიდეო)
ხობში განათლების და განვითარების ცენტრმა „თოლისკური“ შშმ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის დღის ცენტრი გახსნა. ცენტრის სერვისებით ექვსიდან თვრამეტ წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარი ისარგებლებს.

მათთან სპეციალისტები სხვადასხვა, მათ შორის,  არაფორმალური განათლების, თერაპიული აქტივობებისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით იმუშავებენ. ასევე ბავშვებს კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფენ.


შეხვედრას მშობლები, თემით დაინტერესებული მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მანამდე, „თოლისკურის“ ხელმძღვანელი გვანცა კიკალეიშვილი შეკრებილებს პროექტის მიზნებზე და ორგანიზაციის სხვა მიღწევებზე კულტურის სახლში ესაუბრა.
თავის მხრივ, სტუმრებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. ამასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასა და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ მემორანდუმის ფარგლებში, მერიამ ცენტრისთვის კეთილმოწყობილი ფართი დაიქირავა. ბავშვებისთვის საჭირო წიგნები კი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალმა" შეიძინა. 

აღნიშნული ცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის „თანასწორობა გვჭირდება“ ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც “საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB) განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“, დასაქმების ცენტრი (EDEC) და ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE) ახორციელებენ. 



Print