რეგიონი
ხვალ ზუგდიდიში ღვინის ფესტივალი გაიმართება
ზუგდიდში 24 ნოემბერს, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე პირველად კოლხური ღვინის ფესტივალი სახელწოდებით “დია“ გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. გამოვლინდება და დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ღვინო. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები.

გარდა ამისა, მოეწყობა სოფლის მეურნეობის, აგრო და ტურისტული სივრცეები. მოხდება იტალიელი მოგზაურის კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. ამასთან, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, გამოიფინება აგროტექნიკა. დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ფოლკლორული ანსამბლები, ხოლო საღამოს ბენდი „Yellow“ დახურავს.

ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა.

ღონისძიების სპონსორები არიან "საქართველოს ბანკი", დეველოპერული კომპანია „m2“, ნენსკრა ჰიდრო, საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია, ოლამი, ნატს.ჯი, IFAD, აგრიჯორჯია, აგრო სახლი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ემ ბი სი, ლაზიკა კაპიტალი, კრისტალი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: POST-TV, მედიაჰოლდინგი kvira.ge, STV და რადიო "ათინათი".
Print