ახალი ამბები
ლაშა გოგია და გია გულორდავა უქმეებზე ციხის დატოვების უფლებით სარგებლობენ
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე მერი გია გულორდავა, რომლებიც დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის პატიმრობაში იმყოფებიან, უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში აღნიშნული მსჯავრდებულების მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა და ისინი აკმაყოფილებენ სხვა კრიტერიუმებსაც, რაც ზემოთმოყვანილი უფლებით სარგებლობისთის მოქმედი კანონმდებლობით არის დადგენილი.

"N16 პენიტენციური დაწესებულება არის დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს პატიმრების გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილი. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს. პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის თანახმად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით დასვენებისა და უქმე დღეებში შესაძლებელია გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცეს პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება. პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა და ამ ცვლილების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვარი განისაზღვრა.მათ შორის, ეს უფლება მინიჭებული აქვთ მსჯავრდებულ ლ. გ.-ს და გ.გ-ს.",- აცხადებენ უწყებაში.  

ამავე ცნობით, ნორმის ამოქმედებიდან დღეის ჩათვლით უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით სულ 59-მა მსჯავრდებულმა ისარგებლა.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით გასული წლის ნოემბერში დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და 2-2 წელი პატიმრობა, 4-4 წელი კი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.
Print