ახალი ამბები
გალის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა „აფხაზეთის უახლეს ისტორიაში “ ტესტირება გაიარეს
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილმა „აფხაზეთის უახლესი ისტორიის“ ცოდნაზე ტესტირება გაიარა. ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განმარტებით, ეს იყო წინასწარი ტესტირება, რადგან იმ თანამშრომლების ნაწილს, რომელიც „აფხაზეთის მოქალაქეობის მისაღებად ემზადება, აფხაზეთის კონსტიტუციის საფუძვლების და სახელმწიფო, აფხაზური ენის გამოცდების ჩაბარება მოუწევს“. ამის შესახებ, მან „აბხაზია ინფორმს“ განუცხადა. მისივე თქმით, ტესტირება ნებაყოფილობითი იყო. მასში 78 ადამიანი მონაწილეობდა. მის ჩასატარებლად მასწავლებლებისგან და ე.წ. ადმინისტრაციის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია შეიქმნა.

„სამწუხაროდ, წინასწარი გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილმა, ვისაც აფხაზური პასპორტის მიღება სურს, აფხაზეთის უახლესი ისტორიის არცერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ იცოდა. ზოგიერთი მათგანი კი სკოლის მასწავლებელია, მე არ ვგულისხმობ ისტორიკოსებს“, - თქვა ნადარაიამ.

მისივე თქმით, ტესტირების შედეგები არ გამოქვეყნდება და არც არავის გაათავისუფლებენ სამსახურიდან. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის თანაშრომლების უმრავლესობამ, რომელიც 3 კვირის განმავლობაში ემზადებოდა, ტესტირება წარმატებით გაიარა.

Print