ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი საჯარო განხილვა შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. შეკრებილებს ბიუჯეტის პროექტი მერიის წარმომადგენლებმა

გააცნეს. საკრებულოს ფრაქციებმა, ზუგდიდის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე და ინიციატივებზე ისაუბრეს. 

მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლექსო თოდუამ ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ დეტალურად ისაუბრა და თქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 6,5 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მისივე თქმით, ბიუჯეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური სფერო, განათლება, სპორტი და ა.შ.

ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა დაინტერესდა, თუ რატომ უფინანსდებათ ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ ბაკალავრებს და რატომ არ ვრცელდება იგივე პროგრამა  პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებზე. საიას იურისტს მერმა გიორგი შენგელიამ უპასუხა და თქვა, რომ მომდევნო წლების ბიუჯეტში ეს პროგრამა მთლიანად შეიცვლება და მუნიციპალიტეტი სტუდენტებს განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან პაპავამ მერს ჰკითხა, არის თუ არა გათვალისწინებული 2020 წლის ბიუჯეტში სოფლებში მერის წარმომადგენლების ოფისების რეაბილიტაციის ხარჯები და იგეგმება თუ არა მათი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება. გეგა შენგელიამ ამ კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ რომ ეს პრობლემა მომავალი წელს ვერ მოგვარდება და საკითხზე ეტაპობრივად დაიწყება მუშაობა. 

ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელი ივეტა წითაშვილი დაინტერესდა, არის თუ არა ბიუჯეტში გათვალისწინებული, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს გარდა, შშმ პირების საჭიროებები, მათ შორის, სპორტის და განათლების პროგრამებში.  მერმა მას უპასუხა, რომ მსგავს საკითხზე მუშაობას მხოლოდ შესაბამისი განაცხადების მიღების შემდეგ იწყებენ. მისივე თქმით, თუ იქნება მოთხოვნა, მერია მომდევნო წლების ბიუჯეტში გაითვალისწინებს ამ საჭიროებებს. მან მაგალითად ამპუტანტ  ფეხბურთელთა გუნდი მოიყვანა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

გიორგი შენგელიას თქმით, 2020 წელს პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა, განათლება, სპორტი, სოციალური და ჯანდაცვის სფეროების განვითარება რჩება. 

„შენარჩუნდება ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რასაც მერია წლებია ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო ბიუჯეტი, რომელიც 2020 წელს პირველად ინერგება“, - აღნიშნა მერმა.

2020 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი 43 მილიონი ლარით განისაზღვრა. საჯარო განხილვები 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

Print