ახალი ამბები
რას ნიშნავს მაღალი მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ფორმირება - სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას „საერთაშორისო-გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი ვიქტორ კვიტატიანი რელიგიის ხელშეწყობის მუხლის არსებობით და მიზანშეწონილობით დაინტერესდა. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა რელიგიური ორგანიზაციები ცენტრალური ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 25 მილიონი ლარით ფინანსდება, რა საჭიროა მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღება. მომავალი წლის ბიუჯეტში ზემოაღნიშნული მუხლი 160 000 ლარით არის დაფინანსებული.

„ხომ არ არის უმჯობესი ეს ხარჯები გათვალისწინებულ იქნას, დავუშვათ, შშმ პირთა და ონკოლოგიური ავადმყოფების დაცვის პროგრამაში? დავიანგარიშეთ და ეს თანხა რომ დაემატოს აღნიშნულ პროგრამებს, დაახლოებით, 400 000 ლარამდე იქნება. ან ასევე შეიძლება ეს თანხა სოციალურად დაუცველთა პროგრამაში ჩაიდოს“ - თქვა ვიქტორ კვიტატიანმა.

რელიგიის თემაზე საუბარი სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ გააგრძელა და ამ მუხლის მოსალოდნელი შედეგი წაიკითხა: „ეკლესიისა და მორწმუნე მრევლის როლის გაძლიერება საზოგადოების ფართო ფენებისთვის პროგრესული, მაღალი მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ფორმირებაში“.

„განმიმარტეთ, 160 000 ლარად მაღალი მორალური, ზნეობრივი სულისკვეთების ფორმირებაში მივიღებთ მონაწილეობას?“, - დაინტერესდა როსტომ ზარანდია და დასძინა, რომ ამ სიტყვების წაკითხვისას აკანკალებს.

სამოქალაქო აქტივისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მერმა გიორგი შენგელიამ  უპასუხა, რომ აღნიშნული თანხა საკათედრო ტაძრის სარემონტო სამუშაოებისთვის და სასულიერო გიმნაზიებისთვის გამოიყო.

„რამდენიმე წელია შენდება საკათედრო ტაძარი და დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი დახმარებით მივიდეს მშენებლობა ბოლომდე. ზუგდიდის იმ უბანს მიეცეს დასრულებული სახე, რაც ინფრასტრუქტურულადაც მოაწესრიგებს იქაურობას. გარდა ამისა, მოსახლეობაც განიცდის დისკომფორტს მოუწესრიგებელ ტაძარში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მოსალოდნელი შედეგი იქნება ის, რომ ადამიანები ილოცებენ იმ ტაძარში, რომელსაც ექნება უკვე დასრულებული სახე, კომფორტულად იგრძნობენ თავს. სიტყვების ფორმირებას რაც შეეხება, შეიძლება მოხდეს კორექტირება და ჩაიწეროს იმ სიტყვებით, რაც თქვენ გამოიყენეთ და არავის გააკანკალებს. ჩანაწერის შეცვლა და სრულყოფა შესაძლებელია“, - ფიქრობს მერი.

კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა მიიჩნევს, რომ დოკუმენტში პირდაპირ უნდა ჩაიწეროს თუ რისთვის არის თანხა გამოყოფილი, რადგან შედეგი გაზომვადი იყოს.

„ჩვენი მთავარი მიზანი ხომ არის, რომ დადგეს შედეგი? შესაბამისად, შედეგი უნდა გაიზომოს. რელიგიურ ღირებულებებს და გრძნობებს, რამდენად კმაყოფილია ხალხი, ამას ვერ გავზომავთ. ინდიკატორი რომ იყოს ეფექტიური, მნიშვნელოვანია ჩაიწეროს, კონკრეტულად რა მოქმედებას ვასრულებთ“, - ამბობს ვართაგავა.

ზუგდიდის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი საჯარო განხილვა შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.შეხვედრის ინიციატივა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს (NDI) ეკუთვნის.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო


Print