ახალი ამბები
ზუგდიდის 2020 წლის ბიუჯეტში ააიპ-ებისთვის 21 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
ზუგდიდის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალური იურიდიული პირების სუბსიდირებისთვის 21 500 000 ლარია გამოყოფილი, რაც ბიუჯეტის 52.4% შეადგენს. რამდენად არის ეს მიზანშეწონილი და სწორად გათვლილი? ეს კითხვა ზუგდიდის მერს, გიორგი შენგელიას  "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა ვიქტორ კვიტატიანმა ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს დაუსვა.

ორგანიზაციის იურისტის კითხვის პასუხად მერმა თქვა, რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ სახელფასო ფონდი არ არის და მისი დიდი ნაწილი ააიპ-ების უფლება-მოვალეობის შესრულებას ხმარდება.

"აქ შედის ისეთი ხარჯებიც, რომლებიც მუნიციპალიტეტის პირდაპირი მოვალეობაა. დაახლოებით 1 300 000 მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარე განათებაში იხარჯება და ამას იხდის კეთილმოწყობის ააიპ-ი. მსგავსი ხარჯები გადანაწილებულია სხვადასხვა ააიპ-ებზე ფუნქციების მიხედვით. ასევე იხარჯება ღონისძიებებისთვის, თუნდაც სპორტული აქტივობებისთვის", - თქვა მერმა.

საკრებულოს წევრმა ენმ-დან პაატა ადამიამ მერს მიმართა და ჰკითხა, იცის თუ არა ააიპ-ებისთვის გამოყოფილი 21 500 000 ლარიდან რამდენი იხარჯება ხელფასებზე. გაირკვა, რომ 12 ააიპ-ის და 1 შპს-ის თანამშრომლების წლიური სახელფასო ფონდი 13 მილიონს აღემატება, რაც საერთო თანხის 60% აჭარბებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა არ არის და საკითხი გადახედვას საჭიროებს.

ხელფასებთან დაკავშირებით, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ლექსო თოდუამ განმარტა, რომ აღნიშნული თანხა ააიპ-ების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს პროპორციულია და თანხის დაზოგვის შემთხვევაში მათი საქმიანობის ხარისხი შემცირდება.

"მუნიციპალიტეტის მასშტაბით 62 საბავშვო ბაღი გვაქვს. ბაგა- ბაღების ააიპ-ში დასაქმებულია, დაახლოებით, 800 ადამიანი. როგორ გგონიათ 62 საბავშვო ბაღში 500 პიროვნება რომ იყოს დასაქმებული, ბაღი იფუნქციონირებს? - ვერა. ანალოგიური არის დასუფთავების ააიპ-ში, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 100 -115 ჰა ტერიტორიის დასუფთავებაზე არის პასუხისმგებელი. ამ საქმეს ემსახურება 400 ადამიანი და როგორ ფიქრობთ, რომ შევამციროთ მათი რაოდენობა, უფრო დასუფთავებული იქნება ტერიტორია? კეთილმოწყობის მიმართულებითაც ასეა",- განმარტა თოდუამ.

აღნიშნულ საკითხზე მოქალაქე მერაბ დანელიამ, რომელიც ბიუჯეტის განხილვას ესწრებოდა, საკუთარი აზრი დააფიქსირა და მაგალითისთვის დასუფთავების სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მოვალეობას საკუთარ თავზე კერძო კომპანია ვერ აიღებს, რადგან ეს თემა საქართველოში მომგებიანი არ არის.

"90-იანი წლებიდან ამ თემაზე საუბარი, თუმცა ვერ გადავალთ ამაზე, რადგან ამას მძლავრი ბაზა სჭირდება, ფულიანი კაცი. გააკეთებს ვინმე ამას და ჩადებს ფულს ნაგავში? მაგალითად, ნიუ-იორკში ფირმები დასუფთავების ტენდერის მოგებაზე კლავენ ერთმანეთს - უხდიან და ამიტომ",- მიიჩნევს მერაბ დანელია.

2020 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი 43 მილიონი ლარით განისაზღვრა. საჯარო განხილვები დღეს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო


Print