ახალი ამბები
ომბუდსმენი კერზაიას საქმეზე - დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა
სახალხო დამცველის აპარატი ზუგდიდის 6-ე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგებს აფასებს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და ყურადღებას გამოძიების დაწყების დაგვიანებაზე ამახვილებს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაასრულა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა და დაადგინა, რომ აღნიშნული საქმეში ვლინდება ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც საქართველოს პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეებშიც ხშირად იკვეთება.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

ია კერზაიას საქმეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი 2019 წლის 8 და 30 ოქტომბერს გაეცნო. მართალია, გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სსკ 332-ე) მუხლით დაიწყო და მიმდინარეობდა, საქმის მასალების შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველი სიცოცხლის უფლების პოზიტიურ ასპექტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი, ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებით ხელმძღვანელობდა.

საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტროს ია კერზაიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა ლავრენტი ქირიამ. აღსანიშნავია, რომ გამოძიების შედეგად, ამ სახელის მქონე პირის, ან მის მიერ მითითებული მისამართის რეალური არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნული საჩივრის საფუძველზე, 2018 წლის 9-15 ნოემბერს, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა, რის შედეგადაც, განათლების იმდროინდელმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლას ია კერზაიას გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაცია სკოლის სამეთვალყურეო საბჭომ არ გაიზიარა, რადგან მიიჩნია, რომ მითითებული დარღვევები მოკლე დროში აღმოფხვრადი იყო.

ია კერზაიამ ჯერ კიდევ 2018 წლის 26-27 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ მის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. 9 დეკემბერს იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო 19 დეკემბერს მისმა შვილმა ბაჩანა შენგელიამ, პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამოძიება 2019 წლის 11 თებერვლამდე არ დაწყებულა, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეზე გამოძიება 332-ე მუხლის კვალიფიკაციით დაიწყო, სრულიად აუხსნელია, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება 26-27 ნოემბერს, როდესაც ია კერზაიას საჯარო განცხადება უკვე იძლეოდა ამის საფუძველს.

საქმის მასალების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ გამოძიების არდაწყების მიუხედავად, 25-27 დეკემბერს რამდენიმე პირი გამოიკითხა. მსგავსი საპროცესო მოქმედებები არაფორმალური "მოკვლევის" ან "წინასაგამოძიებო მოქმედების" ფარგლებში ტარდებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს. გაურკვეველია, რატომ არ დაიწყო გამოძიება, თუკი პროკურატურა თვლიდა, რომ საქმეზე საპროცესო მოქმედებები იყო ჩასატარებელი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების საწყისი ეტაპის არაფორმალურად წარმოება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა. ლავრენტი ქირიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერი პროკურატურამ განათლების სამინისტროდან მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვა. ამ დროისთვის კადრები უკვე წაშლილი იყო, რადგან სამინისტროს სერვერები ვიდეოჩანაწერს მხოლოდ 29 დღით ინახავდა. კადრების მოპოვება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გამოძიება დროულად, 26-27 ნოემბერსვე დაიწყებოდა.

შესაბამისად, სწორედ ეს გაუმართლებელი დაგვიანება გახდა გამოძიების უშედეგოდ დასრულების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი. პროკურატურამ ვერ გაარკვია, ვინ იყო ლავრენტი ქირიას ფსევდონიმს ამოფარებული პირი და იყო თუ არა ინსპექტირება დაგეგმილი სქემის ნაწილი. ცალკე შეფასების საგანია ის, რომ თუნდაც 11 თებერვალს დაწყებული გამოძიების პირობებში, ვიდეოჩანაწერი მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვეს.

გარდა ამისა, ია კერზაიას საქმემ ნათლად წარმოაჩინა დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შესახებ პროკურატურის არაერთგვაროვანი მიდგომა. პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას უარი უთხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა მას ორჯერ გააცნო საქმის მასალები, რაც, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულის პრეროგატივას წარმოადგენს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ მხრივ პროკურატურის არათანმიმდევრულ პრაქტიკაზე, რაც სხვა, ბოლოდროინდელ საქმეებშიც არაერთხელ გამოიკვეთა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, უნიფორმული და განჭვრეტადი გახადოს აღნიშნული სტატუსის მინიჭების საფუძვლები. თუ არსებული საკანონმდებლო სივრცის პირობებში ეს შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს საქართველოს პარლამენტმა.

სახალხო დამცველისთვის ცნობილია, რომ ბაჩანა შენგელიამ მცირე ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. სახალხო დამცველი აღნიშნული სარჩელის განხილვის მიმდინარეობასაც განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.