ახალი ამბები
გალელ აბიტურიენტებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ეპატიჟებიან
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა, გალის რაიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სთავაზობს სწავლის გაგრძელებას. ამ მიზნით, 26 ნოემბერს, გალის კულტურის სახლში "ევრაზიის სახალხო კავშირის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რაიონის სკოლების უფროსკლასელები ესწრებოდნენ.

მოსკოვის, პეტერბურგისა და როსტოვის უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეკრებილებს, რუსეთში სწავლის უპირატესობებზე, შეღავათებსა და უფასო საცხოვრებლის მიღების შესაძლებლობებზე ესაუბრნენ.

გალელი მოსწავლეების თქმით, აუცილებელ პირობად, რუსული ენის ცოდნა დასახელდა. სამედიცინო ფაკულტეტის არჩევის შემთხვევაში, კი მათ ქიმიის გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ. ამასთან ერთად, ახალგაზრდებს განუმარტეს, რომ მათ რუსეთში გამგზავრება და გამოცდების ჩაბარება, ბინადრობის მოწმობის საფუძველზეც შეეძლებათ. შეხვედრას თითქმის ყველა საჯარო სკოლის უფროსკლასელი და მასწავლებელი ესწრებოდა. 

"ლექტორები იყვნენ, გამოვიდნენ სიტყვით, აქებდნენ თავიანთ სასწავლებლებს, პირობებს ეუბნებოდნენ ბავშვებს, უხსნიდნენ, რომ სპეციალობის ფართო არჩევანი ექნებათ", - გვითხრა გალის რაიონის მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

მანამდე, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ აფხაზური მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის შესაძლებლობისა", თბილისი, ყველაფერს აკეთებს, მათ შორის შეღავათებს აწესებს, რათა გალელმა აბიტურიენტებმა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ სწავლა".

მისი თქმით, ამის შედეგად 160 მოსწავლე წავიდა საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად და ისინი ძირითადად, ტყვარჩელის და გალის რაიონებიდან არიან, ხოლო აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ 30 - მა ჩააბარა . მან აღნიშნა, რომ სიტუაციის შესაცვლელად ისინი მზად არიან სხვა ზომებს მიმართონ, მათ შორის, ერთ -ერთი იქნება ბინადრობის მოწმობის გაუქმება იმ უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც "აფხაზეთის ტერიტორიას 6 თვეზე მეტი ხნით დატოვებენ".

"მათ აფხაზეთში შესვლა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსით შეეძლებათ ", - აღნიშნა მან.

ნადარაია ამბობს, რომ მეორე ზომა აფხაზურ სკოლაში ქართული ენის სწავლების აკრძალვაა, თუმცა, მისივე თქმით, ეს თემა განხილვას საჭიროებს.

Print