ახალი ამბები
ზუგდიდელი თამარ ხაზალიას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე
ზუგდიდელმა თამარ ხაზალიამ იტალიაში, გალლიპოლიში გამართულ სმენადაქვეითებულთა სილამაზის მსოფლიო კონკურსში Miss & Mister Deaf Stars 2019 "მისს ფოტოგენურობის" ტიტული მიიღო და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში დაბადებული გოგონა აღნიშნულ კონკურსში საქართველოს ყრუთა საზოგადოების ინიციატივით მოხვდა.

"პატარა ასაკიდანვე მიყვარდა სილამაზის კონკურსებისა და მოდების ჩვენების ყურება, ვიმახსოვრებდი და ვიმეორებდი მოძრაობებს. 11 წლისამ გავიმარჯვე სკოლის სილამაზის კონკურსში, დავიკავე პირველი ადგილი. 14 წლის ასაკში კი მონაწილეობა მივიღე სილამაზის კონკურსში, სადაც "მისს სიმპათია" გავხდი. წელს, ზაფხულში ყრუთა საზოგადოების კულტურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფლორა ბეჟანიშვილმა შემომთავაზა მონაწილეობის მიღება მსოფლიო სილამაზის კონკურსში ყრუთა შორის, რომელიც იტალიაში უნდა ჩატარებულიყო. ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი. დიდი საზრუნავი გამიჩნდა, რადგან მინდოდა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმომეჩინა", - გვწერს თამარ ხაზალია.

მისივე ინფორმაციით, იტალიაში ქართული დელეგაცია ოთხი ადამიანისგან შედგებოდა. კონკურსანტებისთვის დაგეგმილი პროგრამა მათთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

"იყო ექსკურსიები სხვადასხვა ქალაქებში, არაჩვეულებრივი გარემო. საკონკურსო ქალაქი გალლიპოლი, პატარა ზღვისპირა ქალაქია, ულამაზესი ისტორიული ძეგლებით და გარემოთი. გავდიოდით მომზადებას, ვვარჯიშობდით. ეს იყოს საუკეთესო დრო, ახალი მეგობრების გასაცნობად. განსაკუთრებულად საინტერესო და საოცარი იყო კონკურსის დღე, რადგან ამდენი ადამიანი ერთმანეთს გულშემატკივრობდა. ეს იყო ადამიანების თანადგომის და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი. მე მესამე ადგილი დავიკავე. ყველა გრძნობა ერთად მერეოდა, დიდი სიხარული იყო. ეს ის შემთხვევაა რომლის დავიწყებაც ცხოვრებაში შეუძლებელია. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ვყოფილიყავი ასეთი მასშტაბის კონკურსის მონაწილე", - გვიზიარებს შთაბეჭდილებებს თამარი.

მესამე ადგილის მფლობელი და "მისტერ ფოტოგენურობა" გახდა ასევე საქართველოს წარმომადგენელი აკაკი ცანკაშვილი.

18 წლის თამარი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. თავისუფალ დროს კი ყრუთა კავშირთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ლილეში" ცეკვავს ან ხატავს. ასევე ამუშავებს საგალობლებს ჟესტურ ენაზე.


ფოტოები: https://www.facebook.com/julienbillyphotography/
Print