ახალი ამბები
სოხუმის ნავსადგურში რუსული ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“ შევიდა
სოხუმის ნავსადგურში რუსული საკრუიზო ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“ შევიდა. ამ ეტაპზე გემმა საცდელი რეისი მგზავრების გარეშე შეასრულა, წერს „აფსადგილ ინფო“. მანამდე, სოხუმის პორტის მთავარ ნავმისადგომთან ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩატარდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას სურს რუსული საკრუიზო ლაინერის "კნიაზ ვლადიმირის" მარშრუტში მოხვდეს. შესაბამის შეთანხმებას სოხუმმა "შავი ზღვის კრუიზებთან" გასულ წელს მიაღწია.

შეთანხმების ფარგლებში "კნიაზ ვლადიმირი" აფხაზეთში წელიწადში 6 - ჯერ შემოვა. ამ ეტაპზე ლაინერი რეისებს შემდეგი მარშრუტით ასრულებს: სევასტოპოლი - იალტა - ნოვოროსიისკი - სოჭი.

ქართულ - აფხაზურ კონფლიქტამდე სოხუმის პორტი აქტიურად ემსახურებოდა საკრუიზო გემებს, მათ შორის, ისეთებს, როგორიც იყო "შოთა რუსთაველი" და "ივან ფრანკო". 1992 წლიდან ყველა კრუიზი შეწყდა. აქამდე, პორტი მხოლოდ სატვირთო გემების მიღებას ახერხებდა.

ფოტო: ტელესტუდია "ასარკია"

Print