ახალი ამბები
ზუგდიდელი ახალგაზრდა მსახიობები საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები არიან
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დრამატული სტუდიის მსახიობებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე Armenia Global Art Fest პირველი ადგილი დაიკავეს. კონკურსის ფარგლებში ნორჩმა მსახიობებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „ჰელადოსი“ ითამაშეს. 

„ცოტა გვიკვირდა კიდევ, რადგან იქაური მაყურებელი, რომელსაც არც კი ესმოდა რას ვლაპარაკობდით ძალიან დიდი ემოციებით უყურებდა ჩვენს წარმოდგენას. სპექტაკლის ბოლოს დარბაზი ტიროდა. რა თქმა უნდა სიამაყის და ბედნიერების გრძნობაა, როცა უცხო ადამიანები ასე აფასებენ ჩვენს შესაძლებლობებს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ახალგაზრდა მსახიობმა კესო ფირცხელავამ. მან ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ტიტულიც მიიღო. ასევე საუკეთესო მსახიობად დასახელდა დრამატული სტუდიის კიდევ ერთი მონაწილე აკაკი კვარაცხელია.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული დრამატული სტუდია „შთამომავლები“ უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. ის 15- მდე ახალგაზრდას აერთიანებს. ახალგაზრდა მსახიობების ხელმძღვანელი ნონა ტოტოჩავაა.
Print