ახალი ამბები
ენმ: „ოცნების“ აქტივისტებს ოფისში სსრკ-ს დილის გამამხნევებელი ვარჯიშის მელოდიით დავხვდებით
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები მათ წინააღმდეგ აქციას გეგმავენ. მისივე თქმით, აქცია მერმა გიორგი შენგელიამ დააორგანიზა. წითლიძე ამბობს, რომ მათთან ოფისში მისულ აქტივისტებს საბჭოთა კავშირის დროინდელი დილის გამამხნევებელი ვარჯიშის მელოდიით დახვდებიან.

„ჩვეულებრივი სამუშაო დღე გვაქვს და ვიმყოფებით ოფისში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც ვთხოვეთ დააკვირდნენ მოვლენებს. ჩვენი ინფორმაციით, მერს გიორგი შენგელიას წუხელ ჰქონდა თათბირი, რომელზეც დაბარებული ჰყავდა ააიპ-ების თანამშრომლები და დაიგეგმა აქცია ჩვენს წინააღმდეგ. როგორც ვიცი, მიშას გადადგომას ითხოვენ“, - ამბობს წითლიძე.

შესაძლო აქციაზე საუბრობს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“  წევრი ბათლომე შელია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ აქციის წევრები მათ ოფისთანაც მივლენ. ამ შემთხვევაში კი შელია ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს ის თავად შეხვდება.

„ოფისში ვიმყოფებით, სამუშაო პროცესია. თუ მოვლენ, მე პირადად ჩავალ და შევხვდები. მათ არავითარ შემთხვევაში არ დავუპირისპირებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩემთან არიან“, - თქვა შელიამ.

აქციის ორგანიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში უარყოფენ. ამავე ცნობით, მერი თვითმმართველობის საქმიანობით არის დაკავებული.

„მერიის მისამართით გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ის ხელმძღვანელობს რაიმე ტიპის აქციას და ახდენს ხალხის მობილიზებას, არის აბსურდული და საფუძველს მოკლებული. გეტყვით, რომ დღეს, როგორც ყოველ სამშაბათს მერს აქვს მოქალაქეების მიღების დღე და ამ წუთებშიც მოქალაქეებს ხვდება“,- გვითხრეს მერიაში.

ოპოზიციის ინფორმაციით, აქცია დღეს 17:00 საათზეა დაგეგმილი.

Print
თეგები: აქცია / ენმ / ზუგდიდი /