ახალი ამბები
თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
წალენჯიხის პოლიციიის თანამშრომელს ბესო ფიფიას, რომელსაც თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც ბრალდების მხარემ პროცესზე განაცხადა, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. პროკურორის დავით პაპავას განმარტებით, ბრალდებულს თანამშრომელთან დაპირისპირება ჰქონდა, რის შემდეგაც რამდენიმეჯერ მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

თავის მხრივ ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას. მისი თქმით, არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. უფლებადამცველი აცხადებს, რომ მოწმეები რომელიც ამ საქმესთან კავშირში იყვნენ უკვე დაკითხულია და მათზე ზემოქმედება, მით უმეტეს რომ ისინი პოლიციელები არიან, ადვილი არ იქნება. მან სასამართლო პროცესიდან ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაო 100 000 ლარი  შესთავაზა.

“ვფიქრობთ, რომ გავასაჩივრებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ფაქტობრივ გარემოებებისა და წინარე ისტორიაზე საუბრისგან, რაც ამ ფაქტის უკავშირდება,თავს შევიკავებ, რადგან წინასწარ გაჟღერებულმა ინფორმაციამ არ შექმნას პრობლემა. ეს პიროვნება ვინც არის დაკავებული, ცნობილია, რომ არის პოლიციის თანამშრომელი, ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა წალენჯიხის რაიონში. ის ინფორმაცია, რის მოძიებაც რამდენიმე საათის განმავლობაში მოვახერხე, არიას ის, რომ ამ ადამიანს ძალიან მაღალი და დადებითი რეპუტაცია აქვს საზოგადოებაში. ჩვენ სასამართლოს შევთავაზეთ 100 000 ლარიანი გირაო. რადგან არ არსებობს საფრთხე, რომ ის მიემალებოდა ან მოწმეებზე მოახდენდა ზემოქმედებას“, - ამბობს ონისე მებონია.

მოსამართლის განმარტებით საქმეში არის შესაბამისი მასალები და მტკიცებულებები, რაც საფუძველს იძლევა, რომ ბრალდებული პატიმრობაში დარჩეს.

Print