ახალი ამბები
ზუგდიდის ქუჩების სახელდების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
ზუგდიდში, ქალაქსა და სოფლებში ქუჩების სახელდებისა  და ნუმერაციის მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბესიკ ჭეჟიას ეკუთვნის. ჭეჟია ვარაუდობს, რომ პირველი სამუშაო შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება.

„სამუშაო ჯგუფში იქნებიან მოქალაქეები, რომლებსაც ექნება სურვილი მონაწილეობა მიიღონ ქუჩების სახელდების მოწესრიგებაში, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე. იქმნება სტანდარტი, რის მიხედვითაც მოხდება ქუჩების ნუმერაცია. დარწმუნებული ვარ, იმ კვირაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება“, - ამბობს ჭეჟია.

მისივე თქმით, ჯგუფში ადამიანების რაოდენობა შეზღუდული არ არის და სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

Print