ახალი ამბები
ცქიტიშვილი: თუ ანაკლიის პორტის პროექტი საარბიტრაჟო დავაში გადაიზრდება, ეს მის განხორციელებას შეაფერხებს
ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ანაკლიის პორტის პროექტი საარბიტრაჟო დავაში გადაიზრდება, ეს პროექტის განხორციელებას შეაფერხებს.

"ძალიან ვწუხვარ თუ ასეთი გადაწყვეტილება ექნება მიღებული კონსორციუმს. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად შეაფერხებს ამ პროექტის სწრაფად განხორციელებას. მაშინ როცა კონსორციუმი აცხადებდა, რომ პოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ და პროექტზე ვიფიქროთ, ვეთანხმები სრულად, რომ პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური თამაშები, რაიმე სახის საკუთრებაში ამ პროექტის მიწერა გვერდზე უნდა გადავდოთ ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებსა და პროექტზე. ვაღიაროთ, რომ ვერ ვახორციელებთ, არა ჩვენ არამედ კონსორციუმს მოვუწოდებთ და მისცენ სახელმწიფოს საშუალება ყოველგვარი დავის გარეშე გადავიდნენ პროექტის შესრულების შემდეგ ფაზაზე," - განაცხადა ცქიტიშვილმა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ. კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

Print