ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ბიძინა ივანიშვილის „ოცნების“ გარეშე დავასრულებთ ანაკლიის პროექტს
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ლიდერებმა ზუგდიდის კულტურისა და განვითარების ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. მოძრაობის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, მოქალაქეებს სამომავლო გეგმებზე, პროპორციულ არჩევნებსა და ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. მისი თქმით პარტიას თვის ბოლოს დააფუძნებენ და უახლოეს დროში გახსნიან რეგიონალურ ოფისს ქალაქ ზუგდიდში. მან ასევე აღნიშნა, რომ 22 დეკემბერს ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, სადაც სამომავლო გეგმებს გააცნობენ საზოგადოებას, ხოლო დეტალურ პროგრამას გაზაფხულზე წარადგენენ.

ანაკლიის პორტზე საუბრისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ისინი პროექტს მთავრობის გარეშე განახორციელებენ, მას შემდეგ, რაც "ხელისუფლებას არჩევნების გზით სახლში გაისტუმრებენ".

"მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ისევე, როგორც გადააგდო მთელი საზოგადოება პროპორციულ არჩევნებში, იმ დაპირებაში, რომელიც მან და მისმა ე.წ. ოცნებამ მისცა ხალხს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ოცნებასთან და დაასამარა ოცნებები, ასევე ასამარებს ანაკლიის პროექტს, რომელიც იყო შანსი და არის შანსი",- თქვა ხაზარაძემ.

თუმცა, მისივე თქმით, ის პირობას დებს, რომ ანაკლიის პროექტი აუცილებლად გაკეთდება და სამეგრელოს რეგიონი იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს სამეზობლოში. მისი განმარტებით, პორტი სხვა სიმაღლეზე დააყენებს ქვეყანას ეკონომიურად და სხვა ფუნქციას შესძენს მას.

მამუკა ხაზარაძესთან ერთად ზუგდიდში იმყოფებოდნენ "ლელოს" სხვა ლიდერები: ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და დავით უსუფაშვილი.

საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში 12 სექტემბერს გაიმართა.
Print