ახალი ამბები
რა საჭიროებები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - „დეას“კვლევის შედეგები (ვიდეო)
ასოციაცია ,,დეამ“ ახალი პროექტის ,,ადვოკატირება ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების ამოქმედების მხარდასაჭერად“ ფარგლებში კვლევა ჩაატარა.
შედეგები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მადონა ხარებავამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის ადვოკატირების ქსელის წარმომადგენლებს გააცნო. კვლევაში სულ 150 ადამიანი მონაწილებდა. მათი უმრავლესობის გამოკითხვა ტელეფონის საშუალებით განხორცილდა.

კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ დახმარება არაერთი მიმართულებით სჭირდება, მათ შორის, კომუნალური ხარჯების დაფარვაში, სარეაბილიტაციო მომსახურებასა და ფსიქოლოგის კონსულტაციაში. ასევე გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მისთვის უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი მნიშვნელოვანი მომსახურება იქნება. დასახელდა ასევე შინმოვლის, საკურორტე და მძღოლი/გამცილებლის მომსახურების საჭიროება.

„ვფიქრობთ, რომ 2021 წელს ბიუჯეტში უნდა აისახოს ის საჭიროებები, რაც კვლევისა და ჩვენი სხვა საქმიანობების შედეგად მივიღეთ. იმედი გვაქვს, რომ ერთჯერადი დახმარებები, რომელიც აქვთ შშმ პირებს, ჩანაცვლდება მათ საჭიროებაზე მორგებული სერვისებით. ეს არის სარეაბილიტაციო, კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება, უფასო ტრანსპორტით მომსახურება, ეს არის დასაქმების სფეროში გადადგმული გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები. ჩვენ ვთვლით, რომ ადვოკატირების ქსელი, რომელიც დღეს აქ შეიკრიბა, ასევე გვყავს სხვა მხარდამჭერები, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ 2021 წლის ბიუჯეტი იყოს შედეგზე ორიენტირებული თავისი ინდიკატორებით და კმაყოფილი იყოს ორივე მხარე, როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე ის ადამიანები ვისთვისაც ეს პროექტი ხორციელდება, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები“, - თქვა მადონა ხარებავამ.

ზემოაღნიშნულ პროექტს ასოციაცია „დეა“ ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ახორციელებს. 

Print