ახალი ამბები
როგორი იქნება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ზუგდიდში და რა დაჯდება მისი მშენებლობა (ფოტო)
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომელიც დადიანების მუზეუმის მიმდებარედ უნდა აშენდეს,  შპს „თ-არქიტექტსმა“ დააპროექტა. შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით, შენობა ორსართულიანი იქნება, რომელის საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია.

შენობის პირველი სართული, ჰოლს, კაფესა და მედიათეკას დაეთმობა, ხოლო მეორე სართულზე საგამოფენო სივრცე, ტერასა და ადმინისტრაცია განთავსდება.

შენობის მონუმენტური ფორმა და მისი ურბანული განლაგება საშუალებას იძლევა ბიბლიოთეკის ეზოში შეიქმნას სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი სივრცეები. გარე კაფე, სამკითხველო სივრცე, ამფითეატრი და გამწვანებული კუთხე შენობის ეზოს შემადგენელი ნაწილებია.

„თ-არქიტექტსის“ ხელმძღვანელის გიორგი  ინასარიძის თქმით, აღნიშნული შენობის აგებას 6 მილიონამდე ლარი დასჭირდება.

„პროექტის პირველი ეტაპი უკვე ჩავაბარეთ, დღეს მეორე ეტაპს, შუალედურ ვერსიას ვაბარებთ. შემდგომი ორი კვირა პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განიხილავს და შენიშვნებით, თუ ექნებათ, უკან დაგვიბრუნებს. ამის შემდეგ 6 კვირა გვაქვს, რომ საბოლოო პროექტი თავისი ხარჯთაღრიცხვით ჩავაბაროთ. მშენებლობასაც ზედამხედველობას ჩვენ გავუწევთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გიორგი ინასარიძემ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ღირებულება 200 000 ლარზე მეტი იყო და  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას ითვალისწინებდა, შპს „თ-არქიტექტმა“ გაიმარჯვა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკის მოწყობა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა.

ამავე თემაზე: 

ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა მეოთხე ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება


Print