ახალი ამბები
მედიკოსების ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ძალიან მძიმეა და ის შეესაბამება გადატანილი ორი ოპერაციის სირთულეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.

„დღეს რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა, გამორიცხული არ არის გარკვეული პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა გახდეს საჭირო. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში. ის იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ“, - თქვა მან. 

ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში პირველი ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. ტომოგრაფიული გამოკვლევის შემდეგ პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს, შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

Print