ახალი ამბები
აფხაზეთში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა
აფხაზეთში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. გასულ ღამეს სამაშველო - სახანძრო სამსახურის თანამშრომლები გაგრისა და ოჩამჩირის რაიონში გაჩენილი ცეცხლის კერების მონიტორინგს აწარმოებდნენ. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა გუდაუთის სოფელ აუათხარაში, სადაც 3 000 კვადრატულ მეტრზე იწვის ტყის ქვედა საფარი. სტიქია სწრაფად ვრცელდებოდა და დასახლებულ პუნქტს უახლოვდებოდა, თუმცა მეხანძრეებმა საშიშროების თვიდან აცილება შეძლეს. ამავე ცნობით, ხანძრის კერები დაფიქსირებულია ოჩამჩირისა და გალის რაიონებშიც.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სოხუმის რაიონის სოფელ აკაპაში (ყოფილი ოდიში) 10 ჰექტრამდე ფართობზე გავრცელებული ხანძრის შესახებ. რთულად მისადგომი რელიეფის გამო მას ტექნიკის გარეშე აქრობდნენ.

ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ადამიანურ ფაქტორს ასახელებენ.
Print