ახალი ამბები
სიურპრიზი ზუგდიდელ ბავშვებს რომლებიც ახალ წელს საავადმყოფოში ხვდებიან (ფოტო)
ზუგდიდში, წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდმა რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში საახალწლო ღონისძიება გამართა. პატარა პაციენტებისთვის გამართულ ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური ნომრები და ცეკვები. ასევე ბავშვების განწყობაზე ზღაპრების გმირებმა იზრუნეს.
ორგანიზატორის, სალომე ფაცაციას ინფორმაციით, ამ სახით მათ იმ ბავშვების გახარება სცადეს, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ახალ წელს საავადმყოფოში ხვდება.
"იმ ბავშვების მხარდასაჭერად, რომლებიც სახლში ვერ ხვდებიან ახალ წელს, შევიკრიბეთ ევექსის ეზოში და გავულამაზეთ საღამო. სახანძრო მანქანების კიბით თოვლის ბაბუები ფანჯრებიდან პალატებში ავიდნენ, ისე რომ ბავშვები არ ელოდებოდნენ. ეზოში კი ჩართული იყო საპატრულოს ციმციმები. ლამაზი სანახაობა იყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საპატრულო, სამაშველო ბრიგადებს, დაცვის პოლიციას და ადგილობრივ ბიზნესმენებსა და თვითმმართველობას მხარდაჭერისთვის", - უთხრა "ათინათს" სალომე ფაცაციამ.

მისივე თქმით, ღონისძიებაში მოხალისეობრივად დაახლოებით 200-მდე ადამიანი იყო ჩართული.

საქველმოქმედო აქციის ბოლოს თოვლის ბაბუამ ბავშვებს ტკბილეულობა და საჩუქრები დაურიგა.

Print