ახალი ამბები
აფხაზური კომპანია რუსეთში ორჯერ მეტ ღვინოს გაიტანს
კომპანია „აფხაზეთის ღვინოები და წყლები“ 2020 წელს რუსეთში საკუთარი პროდუქციის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ ცქრიალა ღვინოებზე მოთხოვნილების ზრდის გამო მიიღეს, ამის შესახებ „აფსადგილ ინფოს“ საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ვალერი ავიძბამ განუცხადა.

მისივე თქმით, უკვე მეორე წელია „აფხაზეთი რუსეთის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. ეს ქვეყნებია ესპანეთი, იტალია, საქართველო და საფრანგეთი.

„უკვე შეგვიკვეთეს 3 მილიონი ბოთლი ღვინო. 2019 წელს კი ექსპორტზე 1 მილიონ 378 ათასი ბოთლი გავიტანეთ. რუსეთში შამპანურის ძალიან მაღალი კონკურენციაა, ამ დროს კი ჩვენი შუშხუნა ღვინოები ასეთი მოთხოვნით სარგებლობენ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ჩვენი შრომის მაღალი შეფასებაა და ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - აცხადებს ავიძბა.

აფხაზი მეღვინის განცხადებით, ღვინოს ისინი ძირითადად ევროპული ჯიშის ყურძნისგან ამზადებენ. ამასთან, 500 ჰექტარზე მოჰყავთ აბორიგენული ჯიშები - კაჭიჭი და ავასარხვა. ამავე ცნობით, სულ ქარხანაში 12 სახეობის სხვადასხვა ღვინოს აწარმოებენ.

მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს სოფელ კინდღში, 1 000 ჰექტარზე, ვაზის ევროპულ ჯიშებთან ერთად, ამერიკული იზაბელა გააშენოს.


Print