ახალი ამბები
ნანა ოდიშარია: გრიპის სიმპტომებით პაციენტების მომართვიანობა შარშანდელთან შედარებით არ გაზრდილა
ზუგდიდში გრიპის სიმპტომებისთვის დამახასიათებელი ნიშნებით პაციენტების მომართვიანობა გასულ წელთან შედარებით ამ ეტაპისთვის ნაკლებია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. ოდიშარია ამბობს, რომ შარშან იგივე სეზონზე სამედიცინო დაწესებულებებს აღნიშნული სიმპტომებით გაცილებით მეტი პაციენტი მიმართავდა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სტაციონარულ მკურნალობას 20-მდე პაციენტი გადის, რაც მათივე ცნობით ორჯერ ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში მომართვიანობა მეტია ბავშვთა კონტიგენტში.

"შარშან უფრო მეტი იყო, ვიდრე წელს. გუშინ შევიდა ამბულატორიულში სამი ბავშვი და 10 მოზრდილი. დღეის მდგომარეობით, 20-მდე პაციენტი გადის სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ რამდენიმე მათგანი ეწერება. შარშან ასეთ პერიოდში 40-მდე პაციენტი გვყავდა სტაციონარში. რაოდენობრივად მომართვიანობა ბავშვთა კონტიგენტში უფრო მეტია. თითოეულ მათგანს ეძლევა ანტივირუსული მკურნალობა", - ამბობენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

რაც შეეხება კლინიკა "ენ-ელ-აის", სადაც მოქალაქეებს ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ, აცხადებენ რომ მომართვიანობა გაზრდილია, განსაკუთრებით კი ბავშვებში.

"რა თქმა უნდა გაზრდილია. დღე-ღამეში 60-მდე პაციენტი მოგვმართავს, განსაკუთრებით პედიატრიული კონტიგენტი",- ამბობენ კლინიკაში.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლოებას მოუწოდებს, რომ გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს იმ კლინიკაში, სადაც არიან დარეგისტრირებული.


Print