ახალი ამბები
ზვიად ქარჩავა: ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნიჩაბი და სკამი დააზიანეს
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გახსნიდან მეორე დღეს ნავის ნიჩაბი და სკამი დააზიანეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო “ათინათს” ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, უცნობია თუ ვინ დააზიანა ინვენტარი, რადგან ბაღში არსებული კამერები აღნიშნულ ტერიტორიამდე არ წვდება.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მოქალაქე ნიკა ლაშხიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ერთი კვირაა, რაც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა. ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ლამაზია ტბა და ტბის მიმდებარე ტერიტორია. ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია, თუმცა იმასთან შედარებით, რაც მანამდე იყო, ნამდვილი სამოთხეა. ორი ნავი ემსახურება დამთვალიერებელს, შეგიძლიათ ჩასხდეთ, მოიქნიოთ ნიჩბები და გაცუროთ. სამწუხაროდ, ვიღაცას დაუმტვრევია ერთი ნიჩაბი. ბაღის სხვა სტუმარს კი, რადგან ნიჩაბი არ დახვდა, იქვე ჩამოსაჯდომი ერთ-ერთი სკამიდან აუგლეჯია ფიცარი, ნიჩბის მაგივრობის გასაწევად. ჰო და, თუ ასე გაგრძელდა, ისევ ის ძველი ბოტანიკური ბაღი შეგვრჩება ხელში. გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ჩვენს განახლებულ ბაღს“, - წერს ლაშხია.

რეაბილიტირებული ბაღი 29 დეკემბერს გაიხსნა. მოქალაქეებს აქ შესვლა უფასოდ თებერვლამდე შეეძლებათ, შემდეგ კი სატარიფო გეგმა ამოქმედდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.


Print