ახალი ამბები
აფხაზი ეკოლოგი: ოჩამჩირეში ფრინველების დახოცვის შესაძლო მიზეზი სამხედრო სწავლებებია
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს მდინარის ნაპირზე გამორიყული დახოცილი ფრინველები. ფეისბუქ მომხმრებლების ნაწილი ვარაუდობს, რომ ყვინთია იხვების დახოცვის მიზეზი, შესაძლოა, ქაფშიას გადამამუშავებელი ქარხანა იყოს.

ოჩამჩირის რაიონის მდინარე ღალიძგას ნაპირზე ფრინველების მასიურად დახოცვის ფაქტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე საველი ჭითანავა გამოეხმაურა. მისი თქმით, ამის მიზეზი, შესაძლოა, სამხედრო სწავლებები იყოს, წერს "აიაირა".

"ჯერ რთულია იმის თქმა, თუ რა მოხდა... ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მდინარეში ჭურვი აფეთქდა და დახოცილი იხვები წყალმა ნაპირზე გამორიყა ", - აღნიშნა ჭითანავამ.

მისივე თქმით, ფრინველების უმეტესობას ჭრილობები აღენიშნებოდა. დანარჩენები, ჭითანავას ვარაუდით, შესაძლოა, გამაყრუებელი ხმაურის გამოც დაიხოცნენ. აფხაზი ეკოლოგის აზრით, ფრინველების დახოცვის ფაქტი არ შეიძლება უკავშირდებოდეს ქაფშიას გადამამუშავებელ ქარხანას. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ტიპის საწარმოებში არ გამოიყენება შხამ - ქიმიკატები, რომლებიც აბინძურებენ გარემოს.

გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში ორი სამხედრო პოლიგონია განთავსებული, რომლითაც სარგებლობენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო და რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა.
Print