რეგიონი
მერია: ლაღიძის დევნილთა დასახლებაში კანალიზაციის პრობლემა დროებით მოგვარდა
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა, რომლის გაუმართაობის გამო ანტისანიტარია იყო, კეთილმოწყობის სამსახურმა გაწმინდა. მერიაში ამბობენ, რომ პრობლემა დროებით მოგვარდა, თუმცა უახლოეს მომავალში მომზადდება პროექტი, რომელიც დასახლებაში კანალიზაციის საკითხს საბოლოოდ გადაჭრის.

დევნილების თქმით, გაუმართავი კანალიზაციის პრობლემა მათ წლებია აწუხებთ და ამ დრომდე მისი მოგვარება ვერ მოხერხდა.

"ვფიქრობთ, რაც დღეს გაკეთდა არის დროებით და ორ-სამ დღეში ისევ ისეთი მდგომარეობა იქნება. იქ, სადაც პრობლემაა და ფეკალური მასები იღვრება, ახლოს ბავშვები თამაშობენ. არის საშიშროება რაღაც საშინელება დაგვემართოს", - თქვა აფხაზეთიდან დევნილი ინეზა ფარულავამ.

აღნიშნულ დასახლებაში 2015 წელს ახლად აშენებულ კორპუსებში 320-მა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი. პროექტის ღირებულებამ 14.5 მილიონი ლარი შეადგინა. შესახლებიდან რამოდენიმე თვეში წყლისა და კანალიზაციის პრობლემებმა იჩინა თავი.


Print