ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა სოხუმში საგანგებო სიტუაციის შემოღებას არ გამორიცხავს
რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციას შემოიღებენ. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებგვერდი იტყობინება. აქვე აღნიშნულია, რომ მოვლენების განვითარებაზე „უშიშროების საბჭომ“ უკვე იმსჯელა. ხაჯიმბამ მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა მათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და პროვოკაციებს არ აყვნენ.

მანამდე "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია გაიმართა. დემონსტრანტები  პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და „არჩევნების“ შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.  მომიტინგეების ნაწილი შენობაში შეიჭრა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ახრა ავიძბას განმარტებით, ისინი იძულებულნი იყვნენ უკიდურესი ზომებისთვის მიემართათ, რადგან ხაჯიმბა მათთან არ გამოვიდა, წერს „აფსადგილ ინფო“.

„ჩვენ ყველას მოვუწოდებთ მოვიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, რადგან უზურპატორი არ უნდა დარჩეს ხელისუფლების სათავეში. ჩვენ ის არ გვჭირდება. ჩვენ კანონიერება გვჭირდება. ჩვენ ის გავაძევეთ. ჩვენს მომხრეებსაც გავიყვანთ აქედან“, -  აღნიშნა ავიძბამ.

მისივე განცხადებით აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერს ასლან ბჟანიას მოსვლა ელოდებიან.

მანამდე ხაჯიმბას გადადგომისკენ ოპოზიციური პარტია „აიტაირამ“ მოუწოდა.

ოპოზიციური პარტიების „ამცახარას“ და „ერთიანი აფხაზეთის“ წარმომადგენლები არ ცნობენ აფხაზეთში გასულ წელს ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მათ გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს.


Print