ახალი ამბები
სოხუმი: პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებით მიმართავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებით მიმართავს. ინფორმაციას მედია კლუბი «Аҧсны.иахьа» ავრცელებს. ამ დროისათვის დეპუტატების ჯგუფმა შეიმუშავა დადგენილების პროექტი. რომელსაც „პარლამენტი“ განიხილავს.

„შექმნილი საზოგადოებრივ - პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით , რამაც შეილება არაკონტროლირებად პროცესებამდე და შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანოს, საერთო- ეროვნული თანხმობის და სახელმწიფო სტაბილურობის შესანარჩუნებლად, სახალხო კრება მიმართავს პრეზიდნეტს გამოიყენოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი და გადადგეს", - ნათქვამია დადგენილებაში. 

მანამდე, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციას შემოიღებას არ გამორიცხავს. მან მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა მათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და პროვოკაციებს არ აყვნენ.

დღეს სოხუმში "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია დაიწყო. დემონსტრანტები პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და „არჩევნების“ შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ. მომიტინგეების ნაწილი შენობაში შეიჭრა.

ოპოზიციური პარტიების „ამცახარას“ და „ერთიანი აფხაზეთის“ წარმომადგენლები არ ცნობენ აფხაზეთში გასულ წელს ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მათ გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს.




Print