ახალი ამბები
სოხუმში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ენგურის ხიდზე მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება (ვიდეო)
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ენგურის ხიდზე შეუფერხებლად გადაადგილდებიან. გალელები ამბობენ, რომ სოხუმში არსებული დაძაბულობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მედიის საშუალებით იგებენ და არსებულ ვითარებას მათზე გავლენა ჯერ არ მოუხდენია.

„მე ჭუბურხინჯიდან ვარ. სოხუმის ამბებს კი უჩვენებენ ტელევიზორში, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ. ხაჯიმბას გადადგომა უნდათ და ალბათ ასეა საჭირო. სოხუმში ხდება ეს ამბავი, აფხაზები არიან. არც ოპოზიციიდან ვიცი ვინმე და არც ახლანდელი მთავრობიდან“, - თქვა ნინელი ყოლბაიამ.

გადმომსვლელების ნაწილი კი თვლის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადაგომის შემდეგ შეიძლბა ვითარება შეიცვალოს და ეს უკეთესიც აღმოჩნდეს. თუმცა იმასაც ამბობენ, მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ეს რუსეთს აწყობს.

„ჩვენ ვინ გვკითხავს რამეს... ტელევიზორში ვნახეთ აქცია რომაა და შენობის ფანჯრებს, რომ ამტვრევდნენ. ვიცით, რომ ოპოზიციას არ სურს ახლანდელი ე.წ პრეზიდენტი და არჩვენების შედეგებს აპროტესტებენ. ჩვენზე ეს აქციები არ აისახება, ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს, მაგრამ მერე რა იქნება არ ვიცით. იქნებ უკეთესიც იყოს პრეზიდენტის გადაყენება, იქნებ რამე შეიცვალოს, მაგრამ რაც რუსს უნდა ის იქნება“, - ამბობენ ისინი.

გალელები ამბობენ, რომ გამშვებ პუნქტთან გადმომსვლელების რიგები არ გაზრდილა.
Print