ახალი ამბები
სამეგრელოში აჯიკის სახლის მოწყობა იგეგმება
ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე ტურიზმის განვითარების სხვადასხვა მიმართულებებზე ისაუბრეს, მათ შორის, ერთ-ერთი კულინარია იყო. 

DMO-ს ხელმძღვანელის ლევან წულაიას თქმით, სამეგრელოში იგეგემება აჯიკის სახლის მოწყობა, სადაც ტურისტები და სხვა დაინტერესებული პირები აჯიკის მომზადებას ისწავლიან. ამასთან, ადგილზე მათ სხვადასხვა მეგრული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

„სამეგრელოში გასტროტურიზმის განვითარება ერთ- ერთი მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება განვავითაროთ აჯიკის სახლის მოწყობით და ასევე სხვადასხვა პროექტით, მაგალითად, "სტუმრად ბებოსთან", "თავგადასავლები მწყემსებთან"... ეს ნიშნავს იმას, რომ მიდიხარ სოფელში, რომელიმე ოჯახში და იღებ მისგან უნიკალურ სტუმარ-მასპინძლობას და განსაკუთრებულ მეგრულ კულინარიას აგემოვნებ. ასევე, მნიშვნელოვანია განხორციელდეს ადგილობრივ მწარმოებლებთან ვიზიტები“, - აღნიშა წულაიამ. 

აღნიშნულ იდეას გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, GIPA -ს და თსუ-ს პროფესორი დალი ცატავა გამოეხმაურა. მისი თქმით, გასტროტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია და ამისთვის სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობა აუცილებელია. 

„თუ ტურისტს ვასწავლით აჯიკის მომზადებას, ეს უნდა იყოს ავთენტური. ორი ტიპის გასტროტურიზმი არსებობს. ტურისტს აინტერესებს, რას ნიშნავს აჯიკა, როგორ მზადდება ის, ავთენტური გემო და თუ რა რიტუალში მონაწილეობს აჯიკა. აჯიკასთან ბმაში ათასი კერძის მომზადება შეიძლება“, - თქვა დალი ცატავამ.

DMO მომავალი წლიდან სხვადასხვა ფესტივალის ჩატარებას, მათ შორის, მარულა/ბაზიერობისა და "კუჩხას" ჩატარებას გეგმავს. შესაბამისი სტრატეგია ორგანიზაციამ საზოგადოებას დღეს წარუდგინა.

Print