რეგიონი
ხაშურში, სავარუდოდ, მეუღლის მიერ მოკლული ქალი ხობელია
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 30 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა, წარმოშობით ხობის სოფელ ქვალონიდან არის. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ქვალონის რწმუნებულმა ცოტნე დადიანმა უთხრა. მისივე თქმით, სხვა დეტალები ამ ფაქტის შესახებ არ იცის.

„ჩემი კლასელი იყო გარდაცვლილი. ოჯახში არავინ არ არის ახლა, მამა და ძმა აქ არ იმყოფებიან, დედა თურქეთშია. მე ის ვიცი, რაც მეზობლებმა მითხრეს. გარდაცვლილი სურამში ქმრის ბებიასთან ყოფილა და სწორედ იქ მოხდაო ეს ფაქტი“, - ამბობს დადიანი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.
Print