ახალი ამბები
ელექტროენერგიის გაოთხმაგებული მოხმარება - მესტიის მერია მოსახლეობას "ბიტკოინებზე" აფრთხილებს
მესტიის მერია მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარების საგანგაშო მაჩვენებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დენის გაოთხმაგებული ხარჯი შეუძლებელია საყოფაცხოვრებო მოხმარებისგან იყოს გამოწვეული. ამავე ცნობით, ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია “ბიტკოინების” აპარატების (მაინერი) მუშაობა.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ყველასთვის თვალსაჩინო გახდა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები. “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მოგახსენებთ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა, ელექტროენერგიის მოხმარება ოთხჯერ არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მოხმარებასთან შედარებით.

ამასთან, როგორც “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები აცხადებენ შეუძლებელია აღნიშნული ხარჯი გამოწვეული იყოს ელექტროენერგიის მხოლოდ საყოფაცხოვრებო მოხმარებისგან.

ელექტროენერგიის გაოთხმაგებული ხარჯი და ყოველდღიური ავარიები ელექტროგადამცემ ხაზებსა თუ ტრანსფორმატორებზე პირდაპირ დაკავშირებულია ე.წ. “ბიტკოინების” აპარატების (მაინერი) მუშაობასთან.

აუცილებელია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის გაერთიანება და გააქტიურება, რათა აღვკვეთოთ შესაძლო საფრთხეები.

კონკრეტული ინდივიდების არაკეთილსინდისიერ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება ჩვენთვის არასასურველი შედეგი - ელექტროენერგიის გადასახადის დაწესება ჩვენს მუნიციპალიტეტში. ყველა ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ამ გადასახადისთვის ჯერ მზად არ ვართ, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა შეჩერდეს მაინერის აპარატების მუშაობა მესტიის მუნიციპალიტეტში, ვინაიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემთხვევაში მომგებიანად აღარ ითვლება აღნიშნული საქმიანობა.

გამომდინარე აქედან, მოგიწოდებთ ყველას, თითოეულ ჩვენგანს, დროა კეთილგონივრული საქციელისა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მოხმარებისა და ამ საერთო საზოგადოებრივი საკითხის ირგვლივ გაერთიანებისა, რათა ერთეულების ინტერესებს არ შეეწიროს მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესი“, -ნათქვამია განცხადებაში.


Print