ახალი ამბები
მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით შეცვლილი პირობებით ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება. მინისტრი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეეყვეტას ლოგიკურს უწოდებს.

„როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით შეწყდა ხელშეკრულება "ანაკლიის განვითარერების კონსორციუმთან", ეს მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში ჯამში 7-ჯერ გაუგრძელდა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა და ამის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს, რომ დროულად დაეწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და შეეკრათ დაფინანსება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იყო, რადგან ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას. რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ის იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, ეს ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს,რომ ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს", - თქვა თურნავამ.

გასულ კვირაში კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ თქვა, რომ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დღის წესრიგიდან მოიხსნა.

Print