ახალი ამბები
ზუგდიდში მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე მინისტრის ყოფილი მოადგილე 15 ათასი ლარით დააჯარიმეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კ.დ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ამავე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კ.დ-მ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს უკანონოდ, მოახდინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი ღია თეატრის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.მ. მიწის ფართობის პრივატიზება.

უწყებაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან სათანადო კონტროლით, მოვლა-პატრონობის პირობის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის გასხვისებამ გამოიწვია პრივატიზებული ტერიტორიის გავერანება, დაირღვა დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსი და საფრთხე შეექმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.

Print