ახალი ამბები
ზუგდიდში „ლელოს“ ოფისი გაიხსნა (ვიდეო)
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდში ოფისი გახსნა. ეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პარტიის პირველი ორგანიზაციაა. შეკრებილებს სიტყვით პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა. მისი თქმით, მათი მთავარი მიზანია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, რათა ქვეყანამ სწრაფად დაიწყოს განვითარება.

„რატომ ზუგდიდი? ვთვლით, რომ ეს არის მომავალი კარიბჭე მსოფლიოში, ვგულისხმობ ანაკლიას და ანაკლიის ქალაქს, რომლის პროექტიც მზად არის და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე განახლდება მისი მშენებლობა. ეს არის ადგილი, სადაც უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა აფხაზეთთან მიმართებაში. ეს უნდა გახდეს ქვეყნის აღმშენებლობის, წინსვლის და გამარჯვებების ადგილი. უახლოეს დღეებში სხვადასხვა ქალაქებში გავხსნით ოფისებს, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, მნიშვნელოვანი იყო პირველი ოფისი ყოფილიყო ქალაქ ზუგდიდში “, - თქვა ხაზარაძემ.

პარტიის ადგილობრივ ოფისს ალექსანდრე ახვლედიანი უხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, ადგილობრივ ორგანიზაციაში ამ ეტაპისთვის 200-მდე ადამიანია გაწევრიანებული.

„ჩვენ მზად ვართ შევკრათ განათლებული და პერსპექტიული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რათა დავდოთ შედეგი მომავალი სასიკეთო ცვლილებების სასარგებლოდ. დღეიდან ვერთვებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც კი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდება მას ჩვენ წინ წამოვწევთ და ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნით ამ ხელისუფლებას“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

„ლელო საქართველოსთვის“ უახლოეს დღეებში სამეგრელოს ყველა ქალაქში გეგმავს ოფისის გახსნას.

Print