ახალი ამბები
„ლიბერთი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ყოფილ თანამშრომლებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
სამართალდამცავებმა ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მომართვის საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბანკის ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიება. ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე.

ამავე ინფორმაციით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მოიძიეს, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა ანგარიშები, რომლებზეც ნაშთის სახით განთავსებული იყო გარკვეული ფულადი თანხები, საერთო ჯამში - 71 972 ლარის ოდენობით, რაც სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და შემდგომ გაანაღდეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

Print