სტატია
ბიტკოინების წარმოება და დაზარალებული მეწარმეები - ტურისტული სეზონი მესტიაში
მესტიაში საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილი ტურისტების სიმცირეზე საუბრობს. მათი თქმით, გასულ წლებში დამსვენებლების ნაკადი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მიმდინარე სეზონზე. ამის მიზეზად ისინი სხვადასხვა პრობლემებს, მათ შორის, ელექტროენერგიის ხშირ გამორთვებს ასახელებენ. მეწარმეების გარკვეული ნაწილი კი სტუმრების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა ყველა თანხმდება, რომ სვანეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დენის მოხმარება გაზრდილია, რაც ტურისტულ სეზონზე გავლენას ახდენს. მესტიელები დენის გათიშვებს ელექტროსადენების დატვირთვას უკავშირებენ, რომელსაც ბიტკოინების მწარმოებელი აპარატების მუშაობა იწვევს.

როგორც რადიო „ათინათს“ სასტუმრო „მესტიის“ ხელმძღვანელმა ნათია ქურდიანმა უთხრა, გასულ კვირებში ელექტროენერგიის გამორთვის გამო, მას ტურისტების გადაყვანა მეზობელ სასტუმროში მოუწია. ქურდიანის თქმით, ამ ფაქტმა მისი ბიზნესი აზარალა. როგორც მეპატრონე გვეუბნება, სასტუმრო "მესტიას", რომელიც სამი წლის წინ გაიხსნა და 35 სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს, ამ ეტაპზე,  მხოლოდ 2-3 დამსვენებელი ჰყავს.

„ძალიან დავიტანჯეთ, ძალიან დიდი პრობლემა არის შუქი. მიდი-მოდის, გამოვიდა ყველაფერი მწყობრიდან. ტურისტი  თავისთავად უკმაყოფილოა. არიან სასტუმროები, რომლებსაც გენერატორი აქვთ და ძირითადად იქ მიდიან ტურისტები. ყველას გვექმნება პრობლემები ამის გამო. თუ მესტიას ტურისტები დაგეგმილზე ადრე ტოვებენ, ერთ-ერთი მიზეზი არის უშუქობა. მივმართეთ შესაბამის უწყებებსაც, მაგრამ იმათაც რა ქნან. "ენერგო-პროს" თანამშრომლები წვიმაში და ქარში აქ მუშაობენ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საუბარია ბიტკოინებზე და ამას  უნდა მიხედონ. წელს როგორც გვეუბნებიან გაოთხმაგებულია ელექტროენერგიის მოხმარება. ამდენი სასტუმრო და ტურისტი აქ არ არის, რომ ხაზების გადატვირთვა გამოიწვიოს. ამ ეტაპზე სტუმრები არ გვყავს. ორი სამი კაცი თუ იქნება. გასულ კვირაში 6 ადამიანის გადაყვანა მომიწია სხვა სასტუმროში, იმის გამო, რომ არ მქონდა შუქი“, - ამბობს ქურდიანი.

ელექტროენერგიის ხშირ გათიშვას ბიზნესმენი მურად მარგიანი მესტიაში ბიტკოინების გამომუშავებას უკავშირებს, რაც მისივე თქმით, ელექტროსადენების გადატვირთვას და მესტიაში შუქის ჩაქრობას იწვევს. მარგიანის ინფორმაციით, ამის გამო ტურისტები უკმაყოფილონი არიან, რადგან სასტუმროების უმეტესობა, რომელებიც მხოლოდ დენზე არიან დამოკიდებული და გენერატორები არ აქვთ, მათ შესაბამის მომსახურებას ვერ სთავაზობენ. თავად  ამ პრობლემას არ უჩივის, რადგან მას გენერატორი აქვს და სტუმრები კომფორტულად გრძნობენ თავს.

„ტურისტები რა თქმა უნდა უკმაყოფილონი არიან რადგან, ყველა სასტუმროს გათბობა დენზე აქვს. ჩვენ გენერატორი გვაქვს და მოსულ სტუმრებს ამის პრობლემა არა აქვთ, მაგრამ არიან სასტუმროები, ძირითადად ახლად გახსნილები, რომლებიც დენზე არიან დამოკიდებული. წელს თოვლიც არ არის დიდი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემთან ტურისტები არიან, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. შემიძლია გითხრათ, რომ მათი რაოდენობა მზარდია“, -  ამბობს მურად მარგიანი.

საოჯახო სასტუმრო „მანანას“ მფლობელი მანანა რატიანი მიიჩნევს, რომ წელს ტურისტების ნაკლებობა არ შეიმჩნევა. პირიქით, რატიანი გვეუბნება, რომ მესტიას როგორც უცხოელები, ასევე ქართველები სტუმრობენ. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ტურისტები სვანეთს ელექტროენერგიის გამო ტოვებენ, რატიანი არ ეთანხმება და ამის მიზეზად უფრო თოვლის სიმცირეს ასახელებს.

„დენი როგორც ყველასთან ჩემთანაც ქრება, მაგრამ ამის გამო ტურისტი მესტიიდან არ მიდის. წელს ხშირად ისაა მიზეზი, რომ თოვლი არ არის და არ რჩებიან დიდხანს. ხანდახან ხდება დენის ჩაქრობა, მაგრამ ხანგრძლივი დროით არა. მაგრამ, იმასაც ვიტყვი, რომ არის უბნები, რომლებსაც აქვთ პრეტენზიები. იანვრის დასაწყისში მყავდა საკმაოდ დიდი ნაკადი, ისეთი, რომ მსგავსი არ მახსოვს წინა წლებში, მაგრამ ამ წუთას არ მყავს. ველოდები თებერვლიდან ისევ დიდ ნაკადს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების სიმცირეზე ალბათ იმიტომ საუბრობენ, რომ ძალიან ბევრი სასტუმრო აშენდა და გადანაწილდნენ დამსვენებლები“, - ამბობს მანანა რატიანი.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ რადიო „ათინათის“ კითხვაზე, თუ რამდენად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება სვანეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კომენტარს არ აკეთებენ. მიუხედავად ამისა, მესტიის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციით ვიგებთ, რომ სვანეთში, გასულ წლებთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება ოთხჯერ გაიზარდა.  

გასულ კვირაში მესტიის მერიაში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ათასობით ე.წ. "მაინერია" ამოღებული. ფაქტზე შს სამინისტრომ საქმე 229-ე მუხლით აღძრა, რაც ჯარიმას ან ერთი წლით თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს.

ცნობისთვის, სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის. გადასახადი მხოლოდ მეწარმეებზეა დაწესებული. ბიტკოინების მწარმოებელი აპარატები სწორედ კერძო სახლებში აღმოაჩინეს.


ფოტო: ინტერნეტი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.