ახალი ამბები
ჩხოროწყუს მერი: ააიპ-იმ საწვავი ჯუმბერ იზორიას ძმისგან დაბალი ფასის და კარგი ხარისხის გამო შეისყიდა
ჩხოროწყუს მერიაში მუნიციპალიტეტის ააიპ-ის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის, ჯუმბერ იზორიას ძმისგან - ბადრი იზორიასგან გამარტივებული წესით საწვავის შესყიდვების დარღვევას ვერ ხედავენ. მერის დავით გოგუას განმარტებით, ააიპ „მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობის და სასაფლაოების მოვლა პატრონობის ცენტრმა“ საწვავის შესყიდვაზე ბადრი იზორიასთან ხელშეკრულება კანონის ფარგლებში გააფორმა. ის აღნიშნული ააიპ-ის საქმიანობაში კორუფციის ნიშნებს ვერ ხედავს და ამბობს, რომ შესყიდვა საწვავის ნაკლები ფასისა და კარგი ხარისხის გამო განახორციელა.

„მერია სხვა მიმწოდებელთან დებს ხელშეკრულებას, რადგან ჩვენ მომსახურება ჩვენი მუნიციპალიტეტეტის გარეთაც გვჭირდება. რაც შეეხება ამ ააიპ-ის, ისინი ყიდულობენ საწვავს, რომელიც სხვა შემოთავაზებულიდან შედარებით იაფია და ხარისხიანი, ეს არის კონკურენცია. აქ არაფერს შუაში არ არის არც ჯუმბერ იზორია და არც პირადი ინტერესები, უბრალოდ კეთდება ეკონომია“, - ამბობს გოგუა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-მა საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას ძმისგან - ბადრი იზორიასგან გამარტივებული წესით ჯამურად 145 966 ლარის ღირებულების საწვავი 16-ჯერ შეისყიდა. ორგანიზაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს შეისწავლონ აღნიშნული ა(ა)იპ-ის მიერ საწვავის შესყიდვის პროცესის კანონიერების საკითხი.

Print