ახალი ამბები
ყველაზე სუფთა ქალაქი ზუგდიდი, სოფელი კი ორსანტია გახდა
ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" მიერ ჩატარებული კონკურსის, „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ყველაზე სუფთა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა, ხოლო ნომინაციაში "ყველაზე სუფთა სოფელი" ორსანტიამ გაიმარჯვა.

დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ.

აღნიშნული ყოველწლიური კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდა. მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები წარუდგინეს. სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.




Print